ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინებით და მის მიერ არ აღიარებული, არ მონანიებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე მისი ევროპული შანსების - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული. 

„ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა, რაც თავისთავად შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს, თუკი რუსეთმა დაიჯერა, რომ დავკარგეთ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერა.

ამგვარი დისკრედიტაცია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია: ერთი მხრივ, ხელისუფლების რიტორიკის, ჯიუტი გადაწყვეტილებების და რუსეთის მიმართ გაუგებარი ლმობიერების, (ზედმეტი სიფრთხილე რუსეთის ხსენების დროს, სანქციების არიდების დაჟინებული რიტორიკა, თუ ფრენების აღდგენის პოზიტიურად შეფასება) რომელიც უპირისპირდება უკრაინელებისა და ჩვენ პარტნიორების მიმართ მკაცრ და ხშირად შეურაცხმყოფელ კრიტიკას. მეორე მხრივ, არანაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა, „ჰუმანიტარული პოზიციონირების“ მიღმა, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ქვეყნის რეპუტაციის შემლახველი გზავნილები, რომლებიც ბოლო პერიოდში კარგად დაგეგმილ და განხორციელებულ კამპანიაში გადაიზარდა (შერჩეული და გაუმართლებელი გაიგივება პუტინის რუსეთთან და ნავალნის პატიმრობასთან, თუ ოსვენციმის ხსენება).

ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის, რამეთუ ეს მხოლოდ პრეზიდენტის ინდივიდუალური და პერსონალური ნების გამოხატვაა და არა რეჟიმის ახალი მიდგომის ან რეალური დეპოლარიზაციის ნიშანი, რასაც ჩვენგან ითხოვს ევროპა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინებით და მის მიერ არ აღიარებული, არ მონანიებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე მისი ევროპული შანსების.

ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაძირვის პასუხისმგებლობა ერთნაირად ნაწილდება მათზე, ვინც დაარწმუნეს ყოფილი პრეზიდენტი შემოსულიყო, და მათზე, ვინც შემოუშვა და რეალურად აღარ უშვებს“ - ნათქვამია განცხადებაში.