ჩვენ თუ რამე ოდნავ სტრატეგია ან ხედვა გაგვაჩნია იმის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ჩვენ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ავტომატურად ვუბრუნებთ მოქალაქეობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაბადებულია საქართველოს ტერიტორიაზე ყველაფრის მიუხედავად და არანაირი პროცედურების გათვალისწინებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მისულ სტუმრებთან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე კომენტირებისას განაცხადა.
„ის მთავარი მოთხოვნები ჩვენი თანამემამულეების მოთხოვნები, რომ გამარტივდეს ტესტირება, მითუმეტეს ახალგაზრდებისთვის, ვინც საზღვარგარეთ არიან დაბადებულები, ეს იქნება ისტორიაში თუ სამართალში და ბევრი სხვისთვის, მხოლოდ ახალგაზრდებისთვის არა, რომ ეს გამარტივდეს და თუნდაც ენის ტესტირება იყოს გამარტივებული, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ძალიან სწრაფად, მარტივად, რომ საფასურიც იყოს არა გამარტივებული, არამედ განულებული, იმიტომ, რომ ჩვენ ვუბრუნებთ ამ ადამიანებს მოქალაქეობას - ეს ყველაფერი არ იქნა მიღებული მხედველობაში და მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა სერიოზული, ეს არის რომ ტესტირება შეიძლება რამდენჯერაც გინდათ ჩააბაროთ და ყოველ ჯერზე გადაიხადოთ საფასური - ეს არის და ეს, მთავარი ცვლილება.
ასევე, მეორე კუთხით, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნისთვის დღევანდელ დღეს - ის გეოპოლიტიკური გარემოება, რისგან გამომდინარე ადამიანები, რომლებიც ცხოვრებენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებში ან საზღვრებს გარეთ, იმათი მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიმართ არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ თუ რამე ოდნავ სტრატეგია ან ხედვა გაგვაჩნია იმის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ჩვენ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ავტომატურად ვუბრუნებთ მოქალაქეობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაბადებულია საქართველოს ტერიტორიაზე ყველაფრის მიუხედავად და არანაირი პროცედურების გათვალისწინებით.
ეს იყო მეორე მოთხოვნა, რომელიც მგონი, რომ სახელმწიფოს უნდა დაეკმაყოფილებინა. ამ ცვლილებებზე ვეტოც არ დავადე, იმიტომ, რომ ეს არ არის სავეტოო ცვლილებები, მთავარი არის, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ნამდვილი, არსებითი ცვლილებები იყოს ბოლომდე მიყვანილი და მე მინდა, მოვუწოდო ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, ვისაც შეუძლია, რომ ინიციატივა მიიღოს პარლამენტში, მინდა, რომ მოვუწოდო, ამ კუთხით შეიტანონ ინიციატივა იმიტომ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ყველას ეხება. ჩვენ თუ გვინდა დიასპორებს მივმართოთ და გავაგებინოთ, რომ ჩვენ ვთვლით, რომ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ნაწილი და გვინდა, რომ იმათ მიიღონ სრული მონაწილეობა ამ ქვეყნის ცხოვრებაში, ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული - ჩვენ უნდა გადავდგათ ის პირველი ნაბიჯი, რომ დიახ, თქვენ გცნობთ და გვინდა, რომ გახდეთ საქართველოს მოქალაქეები, დაიბრუნოთ საქართველოს მოქალაქეობა და ეს არის ჩვენი ერთობლივი მომავალი,“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.