აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ჩვენი ქვეყნის ულამაზესი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ძალიან მნიშვნელოვანია, საიმედო ხელში იყოს ამ მხარის მართვის საქმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე გამორჩეული საქმიანობისთვის სულხან თამაზაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობისას ძალიან ბევრი რამ მოწესრიგდა მართვის კუთხით და საფუძველი ჩაეყარა ბევრ მნიშვნელოვან პროექტს.
„ამისთვის ბატონი სულხანი იმსახურებს განსაკუთრებულ მადლობას. მან საქართველოს მთავრობაში დაიკავა ძალიან მნიშვნელოვანი - შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა და მინდა, წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ზურაბ პატარაძის გამოცდილებას და აღნიშნა, რომ იგი წლების განმავლობაში დიდი წარმატებით უძღვებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.
„ზურაბ პატარაძის თავმჯდომარეობის პირობებში ძალიან ბევრ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. მისი საქმიანობის წლები იყო გამორჩეულად წარმატებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის. ის ასევე არის გამორჩეული დიპლომატი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. მინდა, გამოვარჩიო მისი საქმიანობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობაზე. სწორედ მისი ელჩობის პირობებში, ახალ ეტაპზე გადავიდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და ამაში ბატონ ზურაბს განსაკუთრებული პირადი წვლილი მიუძღვის. მადლობა მას წარსულში გაწეული საქმიანობისთვის და მას მინდა, წარმატებები ვუსურვო. ის იქნება ძალიან გამორჩეული, ძალიან ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდი წარმატებებს მიაღწევს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.







