ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება ხდება უცხოური დაფინანსებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ იყო ატეხილი ისტერიკა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, რადგან კონკრეტულ ადამიანებს, სწორედ ლიბერალურ-ფაშისტური იდეოლოგიის გამოყენებითა და უცხოური, შავი ფულით უნდოდათ საქართველოში „მაიდნის“ მოწყობა.
„გახსოვთ, რამხელა ისტერიკა იყო ატეხილი მაშინ, როცა ჩვენ ვიღებდით კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კონკრეტულ ადამიანებს, სწორედ ამ იდეოლოგიის გამოყენებითა და უცხოური, შავი ფულით უნდოდათ საქართველოში „მაიდნის“ მოწყობა, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა და რა თქმა უნდა, ეს ისტერიკა, რომელიც ატეხილი იყო აღნიშნული კანონის წინააღმდეგ, ემსახურებოდა სწორედ „მაიდნის“ ხელშეწყობას, რევოლუციური პროცესების ხელშეწყობას ქვეყანაში, ლიბერალური ფაშიზმის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას საქართველოში,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა გაიხსენა „კანვასის ტრენინგები“, „ფრანკლინის კლუბი“, „მომავლის აკადემია“ და აღნიშნა, რომ ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართვა უნდოდათ რევოლუციურ პროცესებში, სიძულვილისა და აგრესიის დათესვაში, უცხოური დაფინანსებით.
მისივე თქმით, ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღია სიცრუე და განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა.
„გახსოვთ „კანვასის ტრენინგები“, მაგალითად, მაშინ ტრენინგებს უტარებდნენ ძირითადად ხელოვნების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ „კანვასის ტრენინგების“ მიზანი იყო ხელოვანთა ჩართვა რევოლუციურ პროცესებში, ამას მოჰყვა ირონიული საპასუხო განცხადებები. თუმცა ამ ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენ ვხედავდით, რომ სწორედ კულტურის სფეროს წარმომადგენლები გამოჰყავდათ წინა პლანზე ამ რევოლუციის მოწყობის მცდელობის დროს.
კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის 10 წუთიანი ვიდეო, სადაც ის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თეატრებზე, იმაზე, თუ როგორ ხდება თეატრების ჩართვა ასეთ პროცესებში, სიძულვილის, აგრესიის დათესვაში და ხედავდით, რომ ამ კუთხითაც განსაკუთრებულად გაააქტიურეს ეს მიმართულება ჩვენს ქვეყანაში და „კანვასის ტრენინგების“ შემადგენლობას თუ გაიხსენებთ, ძალიან კარგად იკვეთება შესაბამისი მიმართულებები. ხელოვანთა ჩართვა „მაიდნის“ მოწყობაში იყო უცხოური დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი.
ასევე, „ენჯეოების“ გამოყენება ხდებოდა ამ იდეოლოგიის გავრცელებისთვის. „ფრანკლინის კლუბი“ ხომ გახსოვთ, ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩართვა ხდებოდა ამ იდეოლოგიის გავრცელებასა და რევოლუციური პროცესების მომზადებაში. ამაშიც იყო ჩართული პირდაპირ უცხოური ფული. გახსოვთ, ე.წ. „მომავლის აკადემია“ აქაც უცხოური ფული იხარჯებოდა იმისათვის, რომ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ჩაერთოთ რევოლუციურ პროცესებში, სიძულვილის, აგრესიის დათესვაში. ასევე, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, პირდაპირ ჰყავდათ ჩართული კონკრეტული საჯარო და კერძო უნივერსიტეტები იმ პროცესში, რასაც ჰქვია ამ იდეოლოგიის გავრცელება.
ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღია სიცრუე, განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა და ამას ვხედავდით ჩვენ ყოველ ჯერზე, სრული მიუღებლობა განსხვავებული აზრის და მთავარი იარაღი სიცრუესთან და განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან ერთად არის სიძულვილის დათესვა საზოგადოებაში. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე, სხვანაირად შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრული და სრულფასოვანი განვითარება,“- განაცხადა პრემიერმა.