გერმანიის ელჩისთვის გაწვევა ძალიან დიდი პატივი იქნებოდა, რეალურად, საქართველოში დღეს გერმანიას ელჩი არ ჰყავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერს კითხვა დაუსვეს გერმანიის ელჩის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მალე შეიცვლება, რადგან უკრაინაში შექმნილმა პროცესებმა შექმნა ის ფაქტორები, რამაც ეკონომიკა გაზარდა, თუმცა ეს დროებითია“, ამასთან, ჰკითხეს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას პოზიციაზეც.

„მგონია, გერმანიის ელჩისთვის გაწვევა ძალიან დიდი პატივი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად, საქართველოში დღეს გერმანიას ელჩი არ ჰყავს. ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.