რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, აქ სპეკულაციებისთვის სინამდვილეში არ არის არავითარი სივრცე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ არის მის ანგარიშში ნახსენები, რომ რუსეთი ოკუპანტია და არ არის საუბარი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე, პრემიერმა უპასუხა, რომ ანგარიშში ყველა თემაზეა საუბარი.
„ანგარიშში ყველაზე თემაზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, ამ თემებზე იქნება საუბარი საპარლამენტო განხილვის დროს. ის, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, არის ფაქტობრივი მოცემულობა, აქედან გამომდინარე, აქ სპეკულაციებისთვის სინამდვილეში არ არის არავითარი სივრცე. ყველამ ვიცით, რა არის მოცემულობა, რა არის გამოწვევები ჩვენს წინაშე. ასეთ დროს, როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ვიღაცები გარედან, დასავლეთიდან ცდილობენ, დაგვაშანტაჟონ, დააშანტაჟონ ჩვენი მოსახლეობა, დააშანტაჟონ ჩვენი ქვეყანა, ეს რბილად რომ ვთქვათ, არის უბრალოდ გაუგებარი. ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, იმსახურებს ჯანსაღ დამოკიდებულებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.