ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში „მაიდანი“ და „უკრაინიზაცია“ არ დავუშვათ. მეორე ფრონტი არის ის, რასაც არ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ იმ შედეგებზე ისაუბრა, რაც ე.წ. „მაიდანმა“ უკრაინას მოუტანა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში ასეთი პროცესების განვითარებას არ დაუშვებს.
„მუდმივად გვახსენებენ „მაიდანს“ და მე მინდა, შეგახსენოთ, რა მოუტანა „მაიდანმა“ უკრაინას. მაშინ, გარედან დაინიშნა ხელისუფლება და ასეთ დროს, როცა გარედან ნიშნავ ხელისუფლებას ქვეყანაში, ქვეყანაზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რაც მოხდა უკრაინაში - მანამდე უკრაინა იყო ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკურად იყო აღმავლობის გზაზე, ეკონომიკა იყო თითქმის 200 მლრდ დოლარი, დღეს კი ქვეყანა არის განადგურებული, ეკონომიკა უმძიმეს, კატასტროფულ მდგომარეობაშია. რუსეთმა განახორციელა ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაცია, 10 000 - ობით ადამიანია დაღუპული, 100-ობით ბავშვია დაღუპული, ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? და როდესაც დღეს ჩვენ გვახსენებენ „მაიდანს“ საქართველოს კონტექსტში, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, თუ ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ შედეგებთან დაკავშირებით, რაც უკრაინას მოუტანა „მაიდანმა“ და რაც ასეთმა პროცესებმა შეიძლება მოუტანოს საქართველოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში „მაიდანი“ და „უკრაინიზაცია“ არ დავუშვათ. მეორე ფრონტი არის ის, რასაც არ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში.
რაც შეეხება რუსეთისთვის ქვეყნის ჩაბარებას, ვინც საუბრობდა „მაიდანზე“, ზუსტად იმ ადამიანებმა ჩააბარეს უკრაინის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას და იგივე ადამიანებმა ჩააბარეს საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას. კონკრეტულმა ადამიანებმა უკრაინის ტერიტორიების 20% ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას, კონკრეტულმა ადამიანებმა 10 000-ობით უკრაინელი შეწირეს ომს და ეს ყველაფერი მოჰყვა „მაიდანს“ და ეს ადამიანები, იმისა ნაცვლად, რომ პასუხისმგებლობას იღებდნენ, საკუთარ საქციელზე, დღეს საქართველოს ემუქრებიან „მაიდნით“ და ეს არის აღმაშფოთებელი,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.