ასევე მინდა შევეხო წლევანდელ კიდევ ერთ აღიარებას. საქართველოს პროგრესზე მეტყველებს, ზოგადად, OECD-ს ბოლოდროინდელი კვლევა და გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც შეეხება „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„კვლევა აფასებს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა პასუხისმგებლობიანი მთავრობა, სამეწარმეო ადამიანისეული კაპიტალი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბაზარზე წვდომა, ინოვაციები და ა.შ. ჩვენი ქვეყანა ლიდერობს 12-დან 11 მიმართულებაში.
ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანას საშუალება მისცა აენაზღაურებინა პანდემიის დანაკარგი და ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად გაზრდილიყო. შედეგად, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონით, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, წლიდან წლამდე მცირდება ევროკავშირის საშუალო დონესთან ჩამორჩენა. ესეც ძალიან საინტერესო მაჩვენებელია.
გაისად უკვე ჩვენი შემოსავლები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 41%-ს შეადგენს, ხოლო 2027 წლისათვის, ჩვენი პროგნოზის მიხედვით, 45 პროცენტამდე იზრდება. თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს ევროკავშირში ბოლო გაწევრიანებული ქვეყნების მონაცემებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის რიგ ქვეყნებს, მათ შორის ბულგარეთს, პოლონეთს, უნგრეთს, რუმინეთს, გაწევრიანების მომენტში, დაახლოებით, მსგავსი მაჩვენებლები ჰქონდათ.
თუ შევხედავთ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ვნახავთ, რომ საქართველოს არამარტო მათ საშუალო მაჩვენებელზე უკეთესი პოზიცია აქვს, არამედ მთელი რიგი მიმართულებებით მოწინავე პოზიციაზეა უკვე დღეს.
საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის; ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით – საქართველო მე-3 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის; მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით – საქართველო მე-10 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 26 ქვეყანას; ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირის მიხედვით – ჩვენი ქვეყანა მე-19 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 17 ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.