არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და არის ორი პარტია, რომელიც ამას ღალატად აცხადებს. კარგია ასეთი არეულობა რადიკალური ოპოზიციის შიგნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თავის დროზე ეს პარტიები ერთად შეკრული იყვნენ საერთო მიზნების გარშემო და ახლა ტაქტიკური განხეთქილებები აქვთ.
„პირდაპირ მოღალატეებად გამოაცხადეს „ლელო“ და გახარია არჩევნებში მონაწილეობისთვის „ნაცმოძრაობის“ და „ახლის“ წარმომადგენლებმა. ეს პროცესები კარგია იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. ჩვენ ამჯერად მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული არჩევნების სრულად მოგებაზე. ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა, ისე მოვიგეთ უკვე, თუ არ ვცდები, ზუსტად 24 მერის არჩევნები, სადაც კონკურენტი უბრალოდ არ გვყავს. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები დასრულდება 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მიერ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებით. ჩვენ ვიზეიმებთ ერთად მე-10 საიუბილეო გამარჯვებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.