საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბშჭოს არამოსამართლე წევრის შესარჩევ კონკურსში იყოს დარღვევა. რის გამოც კონკურსში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა სასამართლოს მიმართა. პრემიერის თქმით, კონკრეტული დავის განხილვაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაერევა.
„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რაც შეეხება, მინდა, ორმაგ სტანდარტზეც გავამახვილო ყურადღება. გახსოვთ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ექსკლუზიური კონსტიტუციური უფლებამოსილებები უნდა დარჩეს ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებებად. პარლამენტთან მიმართებით იყო არაერთი მოთხოვნა, რომ, ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში, კონკურსის წესით უნდა დანიშნულიყვნენ, არჩეულიყვნენ თანამდებობის პირები, რაც არის ნონსენსი. ამ ნონსენსის გავრცელებაში, სამწუხაროდ, ჩართული იყო ვენეციის კომისია, ევროკომისია. სამართლებრივად, ეს არის ნონსენსი. ახლა გაირკვა, რომ ამ ნონსენსს აპროტესტებენ ის „ენჯეოები“ და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავის დროზე ამ ნონსენსის კანონმდებლობაში ჩაწერას ითხოვდნენ.
რაც შეეხება თვითონ კონკურსს, რა ინფორმაციაც გავრცელდა და რასაც გავეცანი, არის უამრავი დარღვევა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, თავად უნდა ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, შეიტანა სარჩელი. დანარჩენი არის სამართლებრივი საკითხი. ამ დავის განხილვაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავერევით. შესაბამისი უწყებები განიხილავენ ამ საკითხს და მიიღებენ სათანადო გადაწყვეტილებას. ეს არის სუფთა სამართლებრივი საკითხი. თუ ვინმეს ექნება სამართლებრივი პრეტენზიები, შეუძლია, საკუთარი სამართლებრივი პრეტენზიები გამოხატოს სათანადო ფორმით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 2024 წლის 15 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად დანიშნულ კახა წიქარიშვილს ულფებამოსილება შეუჩერა და სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, პრეზიდენტს აუკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა
შეგახსენებთ, უსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით, 2024 წლის 11 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა კომისიამ გასაუბრება გამართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეებთან: მანუჩარ კაკოჩაშვილთან, გიორგი ბურჯანაძესთან, თამარ ალფაიძესთან, დიმიტრი გაბუნიასთან და კახა წიქარიშვილთან.
გასაუბრების შემდეგ კომისიამ კანდიდატები წინასწარ შემუშავებული და გასაჯაროებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა.
შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით, რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს.
გასაუბრების პროცესს ესწრებოდნენ და მონიტორინგს უწევდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები: ,,დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, ODIHR პრეზიდენტის აპარატის მოწვევით მონიტორინგს უწევს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნის პროცესებს.
მონიტორინგის დეტალური ანგარიში გამოქვეყნდება ამ წლის ბოლოს, რომელშიც მოცემული იქნება ჩვენი ძირითადი მიგნებები პროცედურის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის შესახებ, ასევე რეკომენდაციები, რათა სამომავლოდ გაუმჯობესდეს დანიშვნის პროცესი.
ODIHR-მა შეიმუშავა მონიტორინგის ღირებული ინსტრუმენტების ნაკრები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ეუთოს რეგიონის ქვეყნებში სასამართლო დანიშვნებისა და შემოწმების (ვეტინგის) პროცესების მონიტორინგისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) გაავრცელა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის მთავარი ნაბიჯები ასახულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ „ქართულ ქარტიაში“. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის და მათ შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეფასება-შემოწმება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კომისიის მიერ.
პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულის მიუხედავად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია, რომელიც პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება;
გასაუბრების სრული პროცესის პირდაპირი ტრანსლირება განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური სოციალური ქსელების ,,ფეისბუქისა“ და ,,იუთუბის“ მეშვეობით, ასევე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის საშუალებით.