ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ კუთხის, იმერეთის შვილმა მოგვცა შესაძლებლობა, 2012 წელს გავთავისუფლებულიყავით ავტორიტარული რეჟიმისგან და გვეცხოვრა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში, - ამის შესახებ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოგესალმებით ძვირფასო იმერლებო,
სიმბოლურია, რომ ჩვენი რეგიონული შეკრებების შემაჯამებელი ღონისძიება იმართება ქუთაისში, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქში, საქართველოს სამეფოს ისტორიულ დედაქალაქში, საიდანაც დავით აღმაშენებელმა გააერთიანა საქართველო და საფუძველი დაუდო ჩვენი ქვეყნის ისტორიის ოქროს ხანას.
იმერეთი არის მხარე, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის, მეცნიერების, ღვთისმეტყველების, ქართული კულტურის, მწერლობის, პოეზიის, მუსიკის, მხატვრობის, თეატრის, ხუროთმოძღვრების, ქართული სპორტის განვითარებაში. იმერეთი ქუთაისი ტრადიციულად ყოველთვის იყო ქართული ინტელიგენციის სამჭედლო. იმერეთში ცხოვრობს გამორჩეულად ღირსეული, თბილი, ნიჭიერი და ლამაზი ხალხი. მინდა დიდი სიყვარულით მოგესალმოთ თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ქუთათურს, წყალტუბოელს, სამტრედიელს, ვანელს, ხონელს, ზესტაფონელს, ბაღდათელს, თერჯოლელს, ტყიბულელს, ხარაგაულელს, ჭიათურელს და საჩხერელს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ კუთხის, იმერეთის შვილმა მოგვცა შესაძლებლობა, 2012 წელს გავთავისუფლებულიყავით ავტორიტარული რეჟიმისგან და გვეცხოვრა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში. თქვენთან ერთად მინდა ამისათვის კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.