ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ თავის დროზე, გიორგი გახარიამ, რომელიც მაშინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში მის მიერ დაგეგმილ ქმედებებთან დაკავშირებით. მან საქმის კურსში არ ჩააყენა არც სუს-ის უფროსი, არც პრემიერ-მინისტრი, არც ძალოვანი უწყებები და ჩააყენა მარტო ინფრასტრუქტურის მინისტრი. პირადად მამუკა ბახტაძისგან ვიცი, რომ ის არ იყო საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით.
საერთოდ არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში. ეს თავისთავად აჩენს ეჭვებს. თუ რაღაც ისეთი, პრობლემური არ ხდებოდა, რატომ არ ჩააყენა არავინ საქმის კურსში, არც პრემიერ-მინისტრი, არც სუს-ის უფროსი, არც დაზვერვის ხელმძღვანელი, არც სხვა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი. არცერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი, არც ევროკავშირის მონიტორინგის მისია არ იყო ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც უცნაურს აკეთებდა, რბილად რომ ვთქვათ, ბატონი გიორგი გახარია. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან. რეალურად, ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. თქვენ იცით, რა შედეგები მოჰყვა ამას ჩვენი ქვეყნისთვის. გადაიდგა არასწორი ნაბიჯი, რასაც მოჰყვა მილიონი კვადრატული მეტრი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დამატებითი ოკუპაცია. ეს არის განსახილველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედების შესწავლა დაიწყო.
გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური. ასევე საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი ალექსანდრე ტაბატაძე. რომელიც იმ პერიოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. ასევე პარლამენტის ყოფილი წევრი კახა კახიშვილი. ის 2019 წელს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.
ასევე, გამოკითხვაზე იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი
2025 წლის 14 ივნისს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება. სადაც ნათქვამია:
"საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.