ალბათ თვალყურს ადევნებდით პრესკონფერენციას, რომელიც გაიმართა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით და ამ პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. პირიქით, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები და მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ეს საერთო შეფასება ასახავს იმ სურათს, რომელიც არის მოცემული. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"არჩევნები იყო კონკურენტული, არჩევნები იყო ყველა თვალსაზრისით შესაბამისობაში საარჩევნო პრინციპებთან და ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ლოგიკური, ის განცხადებები, რაც გაკეთდა. გარდა ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ტერმინებს იყენებდნენ მომხსენებლები ამ არჩევნების შეფასებისას და პროცესების შეფასებისას. ისინი საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, ვციტირებ- გუშინ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც პირდაპირ ნიშნავს ბუნებრივია მთლიანობაში არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარების. ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და მე მადლობა მინდა გადავუხადო რა თქმა უნდა ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას მათი ჩართულობისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ თებერვლიდან დავიწყეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა საქართველოში.
ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ღია დაკვირვებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა ერთადერთი სურვილი ჩაგვეტარებინა აბსოლუტურად თავისუფალი, კონკურენტული, დემოკრატიული არჩევნები და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი ღიაობა. კიდევ ერთხელ მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული საარჩევნო პროცესებში ვინც აკვირდებოდა არჩევნებს.
არჩევნები არის შემდგარი. უახლოეს მომავალში უკვე შეჯამდება ცესკოს მიერ არჩევნების შედეგები, ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა და გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება, რაც არის რა თქმა უნდა მთავარი ინტერესი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.