ამ 12 წლის განმავლობაში არც ერთი დღე არ ყოფილა იოლი, მაგრამ ბოლო ოთხი წელი განსაკუთრებულად რთული იყო, ბევრი სირთულის გადატანა მოგვიწია, ვერც ერთ წარმატებას ვერ მივაღწევდით, რომ არა ქართველი ხალხის გვერდით დგომა მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ქართველ ხალხს, გამოცდილ და ბრძენ ხალხს. მადლობა ერთად დგომისთვის. ამ გამარჯვების მთავარი ავტორიც არის ქართველი ხალხი. მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ნათელ და ევროპულ მომავალს“, – განაცხადა კობახიძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6% „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7.0% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%. „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %.