ცხრა თვე დარჩა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე, ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც განსაზღვრა ევროკომისიამ და დაამტკიცა 27-მა წევრმა სახელმწიფომ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის
„ცხრა თვე დარჩა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე, ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ეს არა მხოლოდ არჩევნების თარიღს, არამედ მთელ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს ეხება. არჩევნებზე დაკვირვება აუცილებელია. ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობამ მოიწვიოს ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს სანდო სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც სპეციალიზებული არიან ამომრჩეველთა განათლებასა და არჩევნების მონიტორინგზე, რათა უზრუნველყონ პროცესის უმაღლესი სტანდარტებით ჩატარება.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ვხსნით ღონისძიებას ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომელიც მხარს უჭერს ISFED -ს (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას), რათა განვანათლოთ ამომრჩევლები და გავავრცელოთ ცოდნა მათი უფლებების შესახებ. ასევე, მონიტორინგი გავუწიოთ საარჩევნო კამპანიას. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც განსაზღვრა ევროკომისიამ და დაამტკიცა 27-მა წევრმა სახელმწიფომ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.