პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 83 ხმით მიიღო.
კანონპროექტი პარლამენტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარუდგინა.
კანონს დაემატა ახალი ტერმინი: „ფარმაცევტული პროდუქტის თაობაზე მართული შესვლის შეთანხმება“ და მისი განმარტება. ცვლილების თანახმად, მართული შესვლის შეთანხმების კატეგორიებსა და მისი ადმინისტრირების წესს დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
„ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციურ მედიკამენტებზე საქართველოს მოქალაქეების ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით, ონკოლოგიური და იშვიათი დაავადებების მიმართულებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.