საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თამაზ გინტურის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საოკუპაციო ძალების მიერ 2008 წლის ომის ვეტერანის, თამაზ გინტურის მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმძიმე არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და ოკუპაცია.

„ოკუპაციას ეწირება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და გვაჩვენებს, რომ მთავარი ეროვნული ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ქართველისთვის უნდა იყოს ოკუპაციის დასრულება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ თამაზ გინტურის ხსოვნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ: თამაზ გინტური 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა 9 ნოემბერს ქართულ მხარეს გადმოსცეს.