პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის გახსნისას დეპუტატებმა პარლამენტის წევრის ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვახტანგ კიკაბიძე საზოგადოებას ძალიან დააკლდა.
„საგაზაფხულო სესიას ვიწყებთ ისე, რომ გამოგვაკლდა ერთი კოლეგა, ვახტანგ კიკაბიძე. ადამიანი, რომელიც საზოგადოებას ძალიან დააკლდა და ადამიანი, რომელთანაც ყველა ჩვენგანის ემოციაა დაკავშირებული. ეს ემოცია კიდევ დიდხანს გაჰყვება საზოგადოებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დეპუტატებმა ასევე პატივი მიაგეს, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულ მოქალაქეებს.
„თურქეთში უმძიმესი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულია სულ მცირე 3 000 ადამიანი და 15 ათასზე მეტი დაშავებულია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო თურქ ხალხს მომხდარი ტრაგედიის გამო. იცით, რომ საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა ამ სტიქიის დროს. ამ დროისთვის საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია. გუშინ თურქეთში გაემგზავრნენ ქართული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ჩვენ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ჩვენს მეგობრებს და ამ შემთხვევაში თურქეთს სჭირდება, როგორც ჩვენი მორალური, ასევე საქმით მხარდაჭერა და ამას სრულად აკეთებს ჩვენი სახელმწიფო. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 19 იანვარს ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს.