პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ანრი ოხანაშვილს მოუსმენენ.
მანამდე კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ირაკლი ბერაია წარდგება. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ სუს-მა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება ეფექტიანად შეძლო.
"პლენარულ სესიაზე მობრძანდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - ბატონი ანრი ოხანაშვილი და პარლამენტს წარუდგენს 2024 წლის ანგარიშს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რამდენჯერმე იყო რევოლუციის მოწყობილი მცდელობა, რამდენიმეჯერ იყო გარედან ინსპირირებული პროვოკაციები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან კარგად შეძლო ამის პრევენცია და თავის აცილება", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე.