იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში პენიტენციური დაწესებულებების გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა პატიმრების გაზრდილი რაოდენობაა, თუმცა, პარალელურად, ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ამ პრობლემის აღმოფხვრას ემსახურება.
მინისტრმა განმარტა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, იგეგმება საბჭოთა ტიპის პენიტენციური დაწესებულებების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე სტანდარტების, მცირე ზომის დაწესებულებით.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა ამ ბოლო პერიოდში ის, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა რაოდენობა, თუმცა ჩვენი პენიტენციური დაწესებულებებში გათვლილია 12 332 ადამიანზე, დღეის მდგომარეობით კი გვყავს, დაახლოებით, 11 500 მსჯავრდადებული და ბრალდებული. ჯერჯერობით, სისტემას აქვს შესაძლებლობა, მიიღოს კიდევ რამდენიმე ასეული ბრალდებული და მსჯავრდადებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს გადატვირთულობა არ ეხება ყველა დაწესებულებას. არის რამდენიმე დაწესებულება, ძირითადად, მიმღები დაწესებულებები, სადაც ხდება უშუალოდ დაკავებული პირების მიყვანა და აქ გვაქვს ეს პრობლემა, თუმცა ამ მიმართულებებითაც გარკვეული კომპლექსური ღონისძიებები ტარდება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი მიმართულება არის ინფრასტრუქტურული განვითარება. ბოლო პერიოდში, ჩვენ გავხსენით N1 პენიტენციური დაწესებულება დაბა ლაითურში, რომელსაც შეუძლია, დაახლოებით, 700 პატიმრის მიღება. ასევე, უახლოეს პერიოდში გაიხსნება 150 ადამიანზე გათვლილი დაწესებულება რუსთავში, მე-16 დაწესებულების გვერდით - ეს იქნება თანამედროვე ტიპის, დახურული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს უფრო მეტ უსაფრთხოებას, გაცილებით უკეთეს საყოფაცხოვრებო პირობებს და ჩვენი მხრიდანაც კონტროლი უფრო გამარტივებული იქნება ასეთ დაწესებულებებში. ვგეგმავთ მომდევნო წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას - ძველი, საბჭოთა ტიპის დაწესებულებებიდან, ვგეგმავთ, გადავიდეთ მცირე ზომის თანამედროვე, ევროპული სტანდარტის პენიტენციურ დაწესებულებებზე," - განაცხადა პაატა სალიამ.










