2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს კითხვები და გამოძიება ნათელს მოჰფენს, იყო თუ არა გამოყენებული არაპროპორციული ძალა და რა იყო ამის მიზეზი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა და  აღნიშნა, რომ არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმის გამოძიების უფრო ეფექტურად ჩატარების შესახებ.

„20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს აქვს, უფლება გამოიყენოს ძალა იმ შემთხვევაში, თუ ხდება თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, შენობებზე და შესაბამისად, პოლიციის წარმომადგენლებზე. ეს ცალსახად ხაზგასმულია და, ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება უშუალოდ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს და, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიება უფრო ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო. ამაში გარკვეულწილად ჩვენც ვეთანხმებით. საუბარი არის სწორედ იმაზე, რომ მიუხედავად სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებისა, გამოიყენოს ძალა პარლამენტის შენობაზე, პოლიციაზე ან სხვა სახელმწიფო შენობებზე თავდასხმისას, ეს ძალა უნდა იყოს პროპორციული, და სწორად დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად ჩვენც გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს, თუ რა იყო მიზეზები, იყო თუ არა პროპორციულად ძალა გამოყენებული, ხომ არ ჰქონდა გარკვეულ შემთხვევებში ადგილი ძალის გადამეტებას და ა.შ“, – განაცხადა პაატა სალიამ.