გგონიათ, რომელიმე პოლიტიკოსის გამო არიან მოსული ეს ბავშვები აქ? ჩვენ იმიტომ ვართ, რომ არ გართულდეს, ჩვენ რომ არ ვიყოთ, შეიძლება, მართლა გართულდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის შენობასთან, აქციის დროს განაცხადა.
„საკულტო ნაგებობაა, თუ რა არის, ვერ გავიგე. ადამიანებმა ითხოვეს, სამი კაცი ავალთ, გავაკრავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშას და ჩამოვალთო. ამაზე მშვიდობიან აქციას მსოფლიოში ვერ ნახავ. ახალგაზრდები მღერიან, ტაშს უკრავენ. რამდენჯერ უნდა მოვიდნენ, ხომ უნდა მოუსმინოს ვიღაცამ. რა პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი. გგონიათ, რომელიმე პოლიტიკოსის გამო არიან მოსული ეს ბავშვები აქ? ჩვენ იმიტომ ვართ, რომ არ გართულდეს, სინამდვილეში. ჩვენ რომ არ ვიყოთ, შეიძლება, მართლა გართულდეს და რაზე ავიღო პასუხისმგებლობა. კობახიძემ აიღოს პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის ძირითადად ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფებიან. აქცია თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, შემდეგ კი დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, აქციის მონაწილეები ჯებირებისა და პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის წინ დამონტაჟებულ სცენასთან მისვლას ცდილობდნენ.