„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, 29 აპრილის აქციაზე საჯარო მოხელეები ძალით მიჰყავთ.
„გვირეკავენ და გვეუბნებიან, სოფლებში გამგებლები და მისი წარმომადგენლები დარბიან, თითო სოფელს 30 ადამიანი ჰყავს შესაგროვებელი. იუსტიციის სახლთან მარშუტკების გამოფენა აუცილებლად იქნება. ხალხში არ არის განწყობა, თუ ეს რუსული კანონი არ მივიღეთ, სახლში ცოცხალი არ მივალთო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძის თქმით, პროტესტი გაგრძელდება, თუმცა 29 აპრილს დაპირისპირებას მაქსიმალურად მოერიდებიან.
„მტერს აქვს ინტერესი, სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს. სწორედ ამ საფუძვლით ხელს არ შევუწყობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტს არ გავაგრძელებთ. აქცია იქნება, მაგრამ სადაც ეს ხალხია შეკრებილი, საფრთხეებიდან გამომდინარე, ასეთ აქციაზე მე პირადად არ მივალ“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ 29 აპრილს საყოველთა-სახალხო შეკრებას გამართავენ.