ყოველდღე ველოდები, რომ მორჩება ეს უგემოვნოდ დაგეგმილი სპექტაკლი, რომლის მონაწილეც მე ვარ, თუმცა ნელ-ნელა სერიოზულობაში გადადის და მისი აბსურდულობის ხარისხიც მატულობს, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
პაატა ბურჭულაძის თქმით, ექვსი თვეა, სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს და მისთვის ისევ გაუგებარია, ბრალი რაში ედება.
„უკვე ექვსი თვეა, მიმდინარეობს ეს პროცესი და ჩემთვის კვლავ გაუგებარია, რას მაბრალებენ და რა სურთ ამ ორ პატივცემულ პროკურორს. ექვსი თვის შემდეგ, ვფიქრობ, უფლება მაქვს, ვიკითხო, რას იძიებთ? იმას, რაც ნამდვილად მოხდა? მხედველობაში მაქვს საქართველოს ეროვნული კრება თუ სასახლის ღობის დაზიანება. იმაზე, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ეროვნული კრების ჩატარების უფლება გვაქვს, ვთანხმდებით და თქვენ ამაზე ვერ და არ მედავებით. რას მედავებით? აქციის ორგანიზებას?
ჩემი მოწოდებიდან – „მშვიდობიანი დამხობა“, სიტყვა „მშვიდობიანი“ გაღელვებთ თუ „დამხობა“? გინდათ, ეს ძალადობრივი პროტესტის მოწოდებად შეფასდეს? ასე თუ გინდათ, კი ბატონო. თქვენმა არაპროფესიონალურმა და უგუნურმა ქმედებებმა ძალიან ბევრი ზიანი მომაყენა პირადად მე. თუნდაც ის, რომ ექვსი თვეა, ჩემი სტუდენტები მელოდებიან და ვერ ვამეცადინებ, თუნდაც ის, რომ ჩემი გასტროლები ევროპაში არაფრის გულისთვის შეაჩერეთ. მე ხომ მარტო ჩემთვის არ მაქვს ეს გასტროლები, საქართველოს სახელით გამოვდივარ, თუნდაც ის, რომ ექვსი თვეა, არათუ ვერ ვნახულობ, ტელეფონითაც ვერ ვესაუბრები მეუღლეს, შვილებსა და შვილიშვილებს. რაც ყველაზე სამწუხაროა, თქვენი ბოროტი ქმედებების გამო, ვერ დავემშვიდობე ჩვენს სულიერ მამას, ჩვენს პატრიარქს, ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე. ეს ძალიან მძიმე იყო ჩემთვის და თქვენი მიზანი თუ იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძე სამართალდამცველებმა 4 ოქტომბერს დააკავეს. შსს-ს ცნობით, მას ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო დამხობისკენ მოწოდება. ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 7 ოქტომბერს შეეფარდა.








