იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, ასევე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა 2025-2028 − მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ განიხილეს.

კომიტეტებმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს, თეა ახვლედიანს მოუსმინეს.

თეა ახვლედიანის განცხადებით, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის, გამარტივებული წვდომა ყველა სახის სამედიცინო მომსახურებაზე, რაც კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელდება და გაფართოვდება.

„მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგნად კვლავ დარჩება გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება და მათი მხარდაჭერის მიზნით ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებების განხორციელება. ამასთან, მომავალი წლიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. აქტიურად გაგრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ინკლუზიური განხორციელების პროცესი, რაც გულისხმობს სამშვიდობო ინიციატივებში ქალებისა და ახალგაზრდების არსებითი ჩართულობის გაძლიერებას. ყველა სამიზნე ჯგუფთან ჩვენ ვგეგმავთ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებასა და განვითარებას, მათ შორის ახალი ინიციატივების შეთავაზებისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის გზით“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და სამშვიდობო დღის წესრიგის ერთგული რჩება.

სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. ოთხივე კომიტეტმა თეა ახვლედიანის კანდიდატურას და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირა.