სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის და ყველა შესაბამისი სტრუქტურისთვის "მაკკეინის ინსტიტუტის" თითოეული დოკუმენტი და ანგარიში მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა "დღის ქრონიკაში".
„“მაკკეინის ინსტიტუტის“ წინასაარჩევნო დოკუმენტში ჩვენ ვკითხულობდით კარგად გაწერილ გაიდლაინს, როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ, მათ შორის - არჩევნების შემდგომ აქციების მოწყობა, შესაბამისი შოუების დადგმა და მაქსიმალურად გარედან წამოსული მხარდაჭერა იყო ის ერთადერთი იმედი, რომელიც თავად ამ დოკუმენტში ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩაიწერა. მათ შორის, "მაკკეინის ინსტიტუტის" გაიდლაინი იქნება, კანვასის ტრენინგი თუ ყველა რევოლუციური სცენარის განხორციელების ინსტრუმენტად ქცეული უკვე ორგანიზაციები, რომლებიც წერილობით თუ სიტყვიერად არაერთ რჩევა-დარიგებას აძლევენ ჩვენს რადიკალად გადაქცეულ ოპოზიციას. თავისთავად, კარგი სახელმძღვანელო არის იმისთვის, რომ წავიკითხოთ მათი მიზნები და სავალალო არის მათ შორის არჩევნების შემდგომი ანგარიში, სადაც ისინი დანანებით ამბობენ, რომ მსხვერპლი არ არის და როგორ ნატრობენ ამ მსხვერპლს, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ვნებათაღელვა უნდა გამოიწვიოს“, - განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, ამავე ანგარიშში მოყვანილია ძალიან საინტერესო თემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ადამიანების დასანქცირების საკითხს ეხება. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სანქციები მათ დაეხმარებათ „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით გარკვეული განხეთქილება ჩამოვარდეს.
„აი, ასეთი იაფფასიანი გეგმები არის. გუნდი კი, რა თქმა უნდა, ძალიან მძლავრად არის შეკრული და ამ ერთად ყოფნას და სიძლიერეს მოტივად უდგას ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლა“, - აღნიშნა წილოსანმა.
მაკკეინის ინსტიტუტმა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია: „სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოკლეს - თუ მკვლელობა მოხდება მთავრობის ავაზაკების მიერ, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური შეიძლება გახდეს“.