„გულწრფელად მინდა გამოვუტყდე „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, რომ თქვენი პოლიტიკოსებიც ეთანხმებიან ჩვენი ეკონომიკური ზრდის მასშტაბებს, წარმატებას, განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს, გააზრებულ საგარეო პოლიტიკას, ხვდებიან რამდენად ეფექტურია ის, თუმცა საჯაროდ ვერ გიტყდებიან და ამიტომ საჩხუბრად და თავის გასაბრაზებლად, ზიზღის ნიაღვრის საფრქვევად საინფორმაციო ველი სჭირდებათ“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმინეს.
ნინო წილოსანმა ოპოზიციის ნაწილის მიერ წარმოებულ კამპანიაზე ისაუბრა.
„უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღიდან დაიგეგმა და ხორციელდება „ანტისაქართველოს კამპანია“, რიგ შემთხვევაში წარმატებითაც. ამ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის ფარგლებში შეძელით ხალხი დაგერწმუნებინათ, რომ საომარი ძალების გაგზავნა და ომში მონაწილე მხარედ ყოფნა უკრაინის სოლიდარობა იქნებოდა და არა საკუთარი ქვეყნის ომის მოედნად გადაქცევის რეალური საფრთხე; შეძელით გარკვეულ წრეებში ჩაგენერგათ მოსაზრება, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების პლატფორმა იყო; თქვენ ძალისხმევას არ იშურებდით საქართველო წარმოგეჩინათ იმ ერთ-ერთ გამონაკლის ქვეყნად, რომელმაც შეინარჩუნა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები, მაშინ, როცა ასე მოიქცა ყველა ის დასავლური ქვეყანა, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობდა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოებას ის სტატისტიკური მონაცემებიც გააცნო, რომლებიც ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მოიცავდა.
„ომის მიუხედავად რუსეთი რჩება ევროკავშირის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად. მაგალითად, ევროკავშირის იმპორტმა რუსეთიდან 2022 წელს 195,56 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა და ამ საერთო მოცულობაში მნიშვნელოვანი იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობაც. ამასთან საინტერესოა ინდივიდუალურად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ბალანსაც თუ შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ 2022 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, ლატვია იყო ძირითადი ღვინის ექსპორტიორი რუსეთში. ამ პერიოდში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ დაახლოებით 136 მილიონი ევრო შეადგინა. ასევე დიდი წილი ჰქონდა იტალიასაც - იტალიიდან რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ - 64 მილიონი ევრო შეადგინა. იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართულებით არაერთ სანქციას იყენებს, ფაქტია, რომ რეალურად სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირსა და რუსეთს შორის ისევ მიმდინარეობს და თანაც დიდი მასშტაბებით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, გლობალური ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.
„ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, საქართველომ შეძლო არამხოლოდ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, არამედ ზედიზედ, ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა - 2021 წელს 10.5%-იანი, ხოლო 2022 წელს - 10.1%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. მინისტრმა სარეიტინგო კომპანიების - Fitch, S&P, Moodys’ შეფასება აღნიშნა, სადაც საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისების დაძლევა რეიტინგის გაუარესების გარეშე. რეიტინგის განმსაზღვრელ ფაქტორებს სანდო და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს, შესაბამისად, ამას ზედმეტი განმარტებაც არ სჭირდება“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
მან ევროკავშირთან ვაჭრობის პოზიტიურ დინამიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია, რომლის წილი მთლიან საქონელბრუნვაში 21.5%-ს შეადგენს.
„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება. აღსანიშნავია, ექსპორტის საერთო ჯამური მონაცემები ევროკავშირში 2016 წლიდან 2022 წლამდე 2-ჯერ არის გაზრდილი და აგროპროდუქტის ექსპორტი, დღეს უკვე ჩვენი აგროსასურსათო პროდუქტი 95 ქვეყანაში ხორციელდება და ეს ციფრი მზარდია. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ევროკავშირის ქვეყნებში 129%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, სპირტიანი სასმელების 26%-ით, ხილისა და ბოსტნეულის წვენების 103%-ით, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების - 4.7-ჯერ, ხოლო მშრალი ხილის ექსპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი. ასევე ხორციელდება ჩაისა და ციტრუსის ექსპორტი. მინდა კომპლიმენტი ვუთხრა ჩვენს ეკონომიკურ გუნდს, მათი გაწეული სამუშაოსთვის და იმ ძალისხმევისთვის, რომლის შედეგად ქვეყანა ეკონომიკური აღმასვლის ეტაპზეა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.