მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი ბათუმში მომხდარ ფაქტს ეხმიანება და წერს.

"ბათუმში, 15 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა... პროკურატურამ გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში აშანტაჟებდა, ამასთანავე ფსიქოლოგიურად და სექსუალურად ძალადობდა მასზე...

 
გუშინდელი დღის შემდეგ, თავიდან ვერ ვიგდებ იმ ფიქრს, თუ რა დროს და როგორ გვეპარება მსგავსი ფაქტები. უბედურ შემთხვევამდე ხომ უნდა შეგვეძლოს ამოვიცნოთ ძალადობა - საზოგადოებამ, სახელმწიფომ?!
არანაკლებ სევდიანი იყო სიუჟეტში გასული რესპოდენტების კომენტარები - არანაირი შეცოდება, სოლიდარობა ან ბრაზი, თუ  როგორ ვერ ვამხილეთ მოძალადე ამ უბედურ ფაქტამდე." - წერს ნინო წილოსანი. 

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ, 16 წლის ასაკს მუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და  თვითმკვლელობამდე მიყვანის  ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის  მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.