საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, რუმინეთის სენატის თავმჯდომარეს ნიკოლაე ჩუკას შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის, საქართველოს ევროკავშირში წევრობის საკითხები განიხილეს. აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ოკუპაციასა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე.
„ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა რუმინეთის სენატის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და იმ მოლოდინზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირისგან, მათ შორის, წლის ბოლოს მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
განხილვის მთავარი თემები იყო ეკონომიკური თანამშრომლობა, შუა დერეფნის განვითარების საკითხი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები.
„მსგავსი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები აუცილებელია იმისთვის, რომ არსებობდეს ფიზიკური კავშირი საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყანას შორის. საქართველოს, რუმინული მხარე მიიჩნევს ერთგულ მეგობრად, შესაბამისად, მათი მხარდაჭერა ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის იქნება ძალიან ძლიერი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
რუმინეთში ვიზიტით მყოფი დელეგაციის შემადგენლობაში არიან: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ალექსანდრე მოწერელია.