ცდილობენ ქართულ საზოგადოებას აჩვენონ, რომ სტატუსი ხელისუფლებამ და ხალხმა კი არ დაიმსახურა ერთად, არამედ ეს არის რაღაც ეფემერული მოვლენების შედეგი, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ისინი ელოდნენ, რომ მორიგი დესტაბილიზაციის მცდელობა დაეფუძნებინათ ამ თავიანთ ყალბ ნარატივზე, თითქოს ჩვენ არ გვინდა ევროპა და თითქოს „ქართული ოცნება“ არის ანტიდასავლური ძალა. ცდილობენ, რომ ეს ნარატივი ხალხს მიაწოდონ. ეს არ გამოსდით, დამარცხდნენ ამ მცდელობაში. ისინი ნერვიულობენ, რომ ეს ყველაფერი მათ საარჩევნო შედეგზე ძალიან მძიმედ აისახება. ისინი ახლა არც კანდიდატის სტატუსზე დარდობენ, არც საქართველოს ნათელ მომავალზე. ახლა სიებისთვის დაჭამენ ერთმანეთს, იმიტომ, რომ იციან - მათი საარჩევნო შედეგი იქნება გაცილებით დაბალი, ვიდრე ეს იყო 2020 წელს, შესაბამისად, ერთადერთი იმედი ჰქონდათ, რომ საქართველო სტატუსს ვერ მიიღებდა და მის ნიადაგზე რაღაც ხმების მობილიზებას შეძლებდნენ“, - აღნიშნა სამხარაძემ.