ჩვენს ორ მეზობელთან გზები დაკეტილია, რაც ცხადად აჩვენებს დღეს ურთიერთობებში არსებულ სირთულეებს. აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ მესაუბრა რთულ ურთიერთობებზე. აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო - მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნებოდა ძალიან რთული, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა საქართველოს მთავრობისადმი, პირადად პრემიერ ღარიბაშვილისადმი, როგორც ამ ფორუმის ჩატარებისთვის, ასევე ძალიან თბილი და გულითადი მასპინძლობისთვის. აბრეშუმის გზის შესახებ სასკოლო წიგნებიდან ყველას გვსმენია, შეიძლება არც გვახსოვდეს ბევრი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იმ ძველი აბრეშუმის გზის ისტორიას. ამის ფარგლებში მოისაზრება რამდენიმე გზა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხთა შორის, ქვეყნებს შორის, კულტურებს შორის ახლო ურთიერთობებს. ეს არის შესაძლებლობა, რომ ხალხმა უკეთ გაიცნოს ერთმანეთი. ვაჭრობა მიმდინარეობს არა მხოლოდ საქონლის, არამედ ცოდნის, უნარების თუ სხვა ნებისმიერი ღირებულებების მიმართულებით. თავისთავად, გზა აკავშირებს არა მხოლოდ ქვეყნებსა და ქალაქებს, არამედ სხვადასხვა ქვეყნის ერებსაც. ჩვენი საკუთარი მაგალითიდან ძალიან კარგად ვიცით - გზა ორს ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან ღიაა და ეს მიმანიშნებელია იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები მეგობრული ხასიათისაა. ჩვენს ორ მეზობელთან გზები დაკეტილია, რაც ცხადად აჩვენებს დღეს ურთიერთობებში არსებულ სირთულეებს. აქ არ მოვსულვარ, რომ მესაუბრა რთულ ურთიერთობებზე. აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო - მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნებოდა ძალიან რთული. ჩვენს რეგიონს სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა, სადაც ქვეყნები არსებობენ და ფუნქციონირებენ ღია საზღვრებით, აქვთ აკუმულირებული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.