კონკრეტული დღე როდესაც მოვა, მჯერა, ყველა ერთად დავდგებით და ქართველ ხალხთან ერთად ვიტყვით, რომ არავინ შევა იმ პარლამენტში, რომელშიც არაფერი გვესაქმება, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის უახლოეს პერსპექტივაში, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს პარლამენტი ვერ იქნება საქართველოს პარლამენტი და იქ, ვერცერთი, თუნდაც გაყალბებულ არჩევნებში, მაგრამ მანდატმოპოვებული ოპოზიციონერი არ შევიდეს და ვერ შევიდეს. ეს არის მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი. ამ პარლამენტში, რომელიც ჩვენს ინტერესს, ხალხის ინტერესს არ გამოხატავს არავინ არ უნდა შევიდეს. ბევრი საუბარია სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტიკა უყვარს ქართველ ხალხს, მითუმეტეს, ვის წინაშეც ჩვენ, ოპოზიციას სხვადასხვა ქმედებების გამო შეუძლებელია რეპუტაციულად არ ვიყოთ საუკეთესო ფორმაში წარმოდგენილი მათ წინაშე, ამიტომ მათ სჭირდებათ მტკიცე დოკუმენტი - ვაპირებთ იქ შესვლას, თუ არ ვაპირებთ?! და კონკრეტული დღე როდესაც მოვა მე მჯერა, ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ერთად დავდგებით და ქართველ ხალხთან ერთად ვიტყვით, რომ არავინ არ შევა. იმ პარლამენტში, რომელშიც არაფერი გვესაქმება. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის უახლოეს პერსპექტივაში, ეს უნდა გავაკეთოთ”, - განაცხადა მელიამ.