ნებისმიერი პარტნიორი, რომელიც ჩამოვა, დღევანდელი ჩვენი სტუმრების მსგავსად, აცნობიერებს, რომ განცხადებები, დაფიქსირებული პოზიციები, შემუშავებული რეზოლუციები, ძალიან მნიშვნელოვანია, ასახავს ქართველი ხალხის ნებას, მაგრამ მათ აღსრულება სჭირდება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიცია და გამოცემული ნებისმიერი რეზოლუცია, კარგი და მისასალმებელია, მაგრამ არცერთი დღე დასაკარგი არ არის.
„ქართული სახელმწიფო ვიდრე მიტაცებული და სრულ იზოლაციაშია, ნებისმიერი საუკეთესო ქომაგი, პარტნიორი, რომელიც ჩამოვა, დღევანდელი ჩვენი სტუმრების მსგავსად, ვფიქრობ, აცნობიერებს, რომ განცხადებები და დაფიქსირებული პოზიციები, შემუშავებული რეზოლუციები, ძალიან მნიშვნელოვანია, ასახავს ქართველი ხალხის ნებას, მაგრამ მათ სჭირდება აღსრულება. რეზოლუციას როცა გამოსცემ, უნდა აღსრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთმა რეზოლუციამ შეიძლება, ფასიც კი დაკარგოს. გასაგებია, რომ ევროკავშირის ფარგლებში სხვადასხვა ინსტიტუტებია, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი როლი აღმასრულებელ რგოლს უნდა ეთამაშა დღემდე. მე ვფიქრობ, ის აუცილებლად იქნება ადეკვატური ქართველი ხალხის ნების აღსრულების პროცესში. ევროპარლამენტარებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიცია და გამოცემული ნებისმიერი რეზოლუცია, არის კარგი და მისასალმებელი, მაგრამ იმ კონტექსტში, როდესაც ასობით ადამიანს აწამებენ თბილისის ქუჩებში და რეჟიმი სულ უფრო ბრუტალური ხდება, არცერთი დღე დასაკარგი არ არის. ვფიქრობ, ყურად იღებენ ქართველი ხალხის ნაწამებ და ქართველო ხალხის ნება – სურვილს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.