NDI-ის ახალი გამოკითხვით, წინა კვლევასთან შედარებით, უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს.
შეკითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, პასუხები ამგვარად ნაწილდება: დიახ – 31%; არა – 61%; არ ვიცი – 6%; უარი პასუხზე – 3%. მაშინ როდესაც 2022 წლის აგვისტოს კვლევაში იმავე შეკითხვაზე პასუხები ამგვარი იყო: დიახ – 39%; არა – 56%; არ ვიცი – 4%; უარი პასუხზე – 2%.
გამოკითხვის მიხედვით, მოქალაქეთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.
შეკითხვაზე, – საქართველოში მრავალი პოლიტიკური პარტია არსებობს, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – 39% ამბობს, რომ არცერთი პარტია, 25% პასუხობს, რომ „ქართული ოცნება“; უარი პასუხზე – 10%; არ ვიცი – 7%; „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 6% ასახელებს; სხვა პარტიები – 13%.
კვლევის ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.