რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა აკლია. მათთვის ხელისუფლებაში მოსასვლელად ერთადერთი გზა ხელოვნური რევოლუციების შექმნაა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „იმედის კვირას“ დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე საუბრისას განუცხადა.
„ხელოვნურად პროტესტის, უკმაყოფილების აზვირთების მცდელობებთან გვქონდა საქმე და არა პროტესტის გამოხატვის მეცადინეობასთან. ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია. რეალურად, ადამიანები არიან შეპყრობილი სურვილით, იციან რა, რომ არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლის არავითარი პერსპექტივა არ აქვთ. ამისთვის მათ საზოგადოების ნდობა აკლია და მხარდაჭერა, მათთვის ხელისუფლებაში მოსასვლელად ერთადერთი გზა არის ხელოვნური რევოლუციების შექმნა“, - განაცხადა სარჯველაძემ.
სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, თუ რა ეტაპზეა გამოძიება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეს ეხება.
„სიახლე არის ის, რომ საგამოძიებო გეგმის მიხედვით, გამოკითხვაზე ხდება ტრენინგში მონაწილე ან ამ ტრენინგთან შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება. აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სასამართლოს წინაშე დაკითხვას და ისინი იკითხებიან სასამართლოს ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყველანაირი უფლების დაცვით“, - განაცხადა ლილუაშვილმა.