„პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა - განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა, ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი, პაციენტთათვის სამედიცინო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება და სამედიცინო პერსონალისთვის და კლინიკებისთვის ანაზღაურების უფრო მეტად სამართლიანი პირობების დადგენაა.
„მთავრობის სხდომაზე აღინიშნა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელთა დაკავშირებითაც საზოგადოების ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დრომდე, მოქმედი რეგულაციების თანახმად პაციენტებს ზოგიერთ შემთხვევაში დიდი უხერხულობა ექმნებოდათ. არსებული რეჟიმისა და წესების მიხედვით, იყო გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოსვლის საჭიროება, ისეთ შემთხვევაში თუკი რომელიმე მათგანს სურდა განსხვავებული მოდელით, ან ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა .
სურვილის შემთხვევაში ისინი დგებოდნენ დილემის წინაშე , რომ ან დარჩენილიყვნენ პროგრამაში და მიეღოთ სახელმწიფო დაფინანსება, ან მცირედი ცვლილების შემთხვევაში გასულიყვნენ და შესაბამისად მთლიანად საკუთარ ტყავზე აეღოთ ის ხარჯები, რომელიც კონკრეტულ მანიპულაციას უკავშირდებოდა.
ჩვენ ამ თვალსაზრისით გვინდა, რომ მეტად მოქნილი გახდეს რეგულაციები. ამ მიზნით შემოღებული იქნება შესაძლებლობა და ამას სჭირდება მთავრობის დადგენილებაში ცვლილება, რომლის მიხედვითაც ასეთ შემთხვევაში პაციენტს ექნება შესაძლებლობა ამ დილემის წინაშე აღმოჩენის გარეშე მიიღოს დამატებითი, განსხვავებული სერვისები. ასეთ კონკრეტულ შემთხვევებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები განსაზღვრავს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ასეთი თანაგადახდები დასაშვები.
ვფიქრობთ, რომ ეს პოზიტიური ცვლილებაა როგორც პაციენტისთვის, ასევე ეს დადებითად აისახება კლინიკების საქმიანობაზე“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.