თანხის სიდიდე ფაქტორია, რაც პასუხისმგებლობას ზრდის, მაგრამ ამ ხელისუფლებას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ თანხა არ არის მთავარი, რის გამოც შეიძლება რამე ხარჯისგან თავი შეიკავოს, როდესაც საქმე ეხება პაციენტის ინტერესს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ "ღამის კურიერის" ეთერში, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს ის, თუ რა მოცულობის არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და იშვიათი დაავადებების მკურნალობის საშუალებები.

"სამწუხაროდ, კვლევითი პროცესი ისეთია, რომ მე არ შემიძლია ზუსტად თქმა და პროგნოზის გაკეთება, რომელიც კონკრეტული დოკუმენტია, რომელი კონკრეტული უწყების მიერ გაცემულია საბუთია, რომელიც საკმარისი იქნება გადაწყვეტილების მისაღებად. ეს ასე არ ხდება. კვლევამ შეიძლება გააჩინოს ახალი კითხვის ნიშანიც და პირიქით, პასუხი გასცეს და დაასრულოს ყველა თემა ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. მაგრამ, მე ამიტომაც ვთქვი, რომ მზად ვარ, უკლებლივ ყველა არგუმენტი, ყველა ახალი ინფორმაცია ამ საკითხის ირგვლივ მივაწოდო საზოგადოებას. უნდა ვთქვათ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთი მედიკამენტის თაობაზე, საფრანგეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცალსახად, გადაჭრით უარი თქვა ამ მედიკამენტის დაშვებაზე სახელმწიფო პროგრამაში. ბუნებრივია, ამ საკითხებსაც ჩავხედავთ და თუ გაჩნდება კერა, სადაც სხვაგვარი გადაწყვეტილება გამოვიდა, ამასაც დიდი ინტერესით გავეცნობით და ვიტყვით.

რაც შეეხება განცხადებებს თანხის სიდიდესთან დაკავშირებით და ა.შ. თანხის სიდიდე ფაქტორია, რაც პასუხისმგებლობას ზრდის, ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ამ ხელისუფლებას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ თანხა არ არის მთავარი, რის გამოც შეიძლება რამე ხარჯისგან თავი შეიკავოს, როდესაც საქმე ეხება პაციენტის ინტერესს. ამაზე მეტყველებს ის, თუ რა მოცულობის არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც და თუნდაც ის იშვიათი დაავადებების მკურნალობის საშუალებები. ამაზე არ არის საუბარი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უცხოეთში, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების, პაციენტების გაგზავნის პროგრამა, ბევრი ასეთ რამ არსებობს, რომელიც პრაქტიკულად სრულიად საპირისპიროს ადასტურებს იმისგან, რისი დამახინჯებული შთაბეჭდილების შექმნას დღეს ბევრი ცდილობს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.