„ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის  სისტემის რეფორმის ერთი ეტაპი დასრულდა და  გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა წარმატებულად“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრმა, აღნიშნა, რომ კერძო სერვისის მიმწოდებლების ბენეფიციარებიდან, სახელმწიფო პროგრამაში, დაახლოებით, 1800 პირი ჩაერთო.

მიხეილ სარჯველაძემ, იმ გამოვლენილ მანკიერებებზეც ისაუბრა, რაც აღნიშნულმა ცვლილებამ გამოკვეთა. მათ შორის, ბენეფიციართა მნიშვნელოვანმა ნაწილმა, 200-მა ადამიანმა, სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლის შემდეგ, სამჯერ შემცირებული დოზა მოითხოვა.

„ამ ადამიანებმა, პირველივე დღიდან უარი განაცხადეს იმ დოზის მიღებაზე, რომელსაც ყიდულობდნენ კერძო დაწესებულებაში და ფასი, მოგეხსენებათ, რომ მცირე არ იყო. რვა ორგანიზაციის წლიური, ჯამური შემოსავალი, რომელიც სერვისის მიწოდებით იყო დაკავებული, გახლდათ 30 მილიონ ლარზე მეტი.

ახლა, როდესაც სახელმწიფო პროგრამით, უფასოდ იღებს ბენეფიციარი იმას, რაშიც ფულს იხდიდა კერძო მიმწოდებლებთან, ითხოვს სამჯერ შემცირებულ დოზას. რა მიზეზით იწერებოდა ასეთ მომხმარებელზე სამჯერ დიდი დოზის ნარკოტიკი,  საზოგადოებას,  მარტივად შეუძლია დასკვნების გამოტანა და საკუთარი ვერსიის ქონა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ  რამდენიმე კერძო მომწოდებლის შემთხვევაში,  გამოყენებული საშუალო დოზა გაცილებით მაღალია, მთლიანად, კერძო ჩანაცვლებით პროგრამის ფარგლებში, გამოყენებულ, საშუალო მაჩვენებელთან.

„თუ საერთო მაჩვენებელი იყო 11,5 მილიგრამი - კერძო დაწესებულებების  შემთხვევაში მაქვს საუბარი, თორემ სახელმწიფოს შემთხვევაში ეს რიცხვი, გაცილებით ნაკლებია და 7,8 მილიგრამს შეადგენს -  20 მიმწოდებელი პუნქტიდან ოთხის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი აღემატებოდა 15 მილიგრამს, ზოგიერთ შემთხვევაში - 19-ს. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყველაფერი და რა რისკებს შეიძლება ბადებდეს, ამაზეც საზოგადოება თავად შეძლებს დასკვნების გამოტანას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.