"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სია შედგება ნამდვილი ვარსკვლავებისგან, რომელთა მთავარი დანიშნულება არის ხალხის სამსახური, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სია, რომლის შედგენაშიც სხვა ლიდერებთან ერთად მეც აქტიურად ვიყავი ჩართული, ასრულებს ჩემს მიერ მოცემულ პირობას რომ "ენმ" ფუნდამენტურად განახლდებოდა.
პირველად ხდება ასე, ახლანდელი სიის ორ მესამედზე მეტი არასდროს ყოფილა ხელისუფლებაში. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერშიფში მოვიდა მთლიანად ახალი თაობა, თუმცა რა თქმა უნდა სიაში არიან გამოცდილი პოლიტიკოსებიც, მაგრამ სია მთლიანად მომავალზე და ჩვენს დიად გეგმებზეა ორიენტირებული. ეს სია შედგება ნამდვილი ვარსკვლავებისგან, რომელთა მთავარი დანიშნულება არის ხალხის სამსახური.
ასევე წარვადგინეთ ღირსეული სია აჭარის უზენაეს საბჭოში.
ძალიან მიხარია, რომ აჭარაში ჩვენს კამპანიას უხელმძღვანელებს ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი, აჭარის ისტორიული აღმშენებლობის მთავარი ავტორი ლევან ვარშალომიძე.
ვაპირებდი დღეს ეს სიები უფრო დეტალურად წარმედგინა, მაგრამ რეჟიმმა ჩაიდინა მორიგი უპრეცედენტო კანონდარღვევა, შეეშინდა რა ჩემი სრულფასოვანი ჩართვა სასამართლოზე, საშუალება მომცეს მხოლოდ ხარვეზიანი აუდიოკავშირის. ასეთ "ბეზპრედელზე" პუტინის სასამართლოებიც კი არ მიდის. არა უშავს, ეს არის ამათი ბოლო გასეირნება",- წერს მიხეილ სააკაშვილი.