ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც "ვარდების რევოლუციის" 20 წლის იუბილეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, იგორ ნარმანიამ წაიკითხა.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენის - "ვარდების რევოლუციის" 20 წლის იუბილეს. "ვარდების რევოლუციამ" მყარად დააბრუნა საქართველო მსოფლიო რუკაზე. ჩვენ "ვარდების რევოლუციით" კორუფციას, კრიმინალს, უიმედობასა და რუსეთს ვუთხარით არა. დსთ-ს სივრცეში პირველად ამ პატარა საქართველომ გაბედა და სწორედ ამიტომ გვიწოდა თბილისში ჩამოსულა ამერიკის პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს დემოკრატიის შუქურა. ახლაც ზუსტად ასევე ვეტყვით ოლიგარქს, რუსეთს, უიმედობას და უპერსპექტივობას არას.
დაიმახსოვრეთ, განსხვავება ივანიშვილისა და შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმებს შორის არის მხოლოდ სპეცრაზმის ეკიპირებაში, მაგრამ ჩვენც მეტი ჯავშანი გვაქვს. ჩვენი ჯავშანი არის მეტი გამოცდილება, ბევრად უფრო მაგარი ახალი თაობა და ცივილიზებული დემოკრატიული სამყაროს ტოტალური მხარდაჭერა. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა. აქ საკითხი ზუსტად ასე დგას - ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება. ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას, ანუ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს," - აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.