როგორი ბრძოლითაც მოვიპოვეთ ჩვენ კანდიდატის სტატუსი, ისეთივე ბრძოლით მოიპოვეს ევროპის საგზური ჩვენმა ბიჭებმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის საგზურს, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ეს დააგვირგვინეს გუშინ ჩვენმა გმირმა ბიჭებმა, რომლებმაც თავი დადეს, რათა ეს ისტორიული წარმატება მოეტანათ საკუთარი სამშობლოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. არ არსებობს იმაზე დიდი ემოცია, რაც შენი ეროვნული გუნდის გამარჯვებას მოაქვს და ჩვენ, ყველანი, მიუხედავად ბევრი რაღაცისა, ყველანი ერთად თანამოზიარეები ვიყავით ამ არაბუნებრივად დიდი გამარჯვებისა, ამ არაბუნებრივად ისტორიული გამარჯვებისა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს ევროპის საგზურს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, გუშინ ახალი ისტორია დაიწერა.
„შეიძლება, სუბიექტური ვიყო ამ შეფასებაში, მაგრამ ძალიან მიხარია ერთი რამ. არ მგონია, ვერ მიხვდეს ყველა, ვინც ოდნავ მაინც ობიექტურად მოუსმენს ამ ერთგვარ განმარტებას – როგორი ბრძოლითაც მოვიპოვეთ ჩვენ კანდიდატის სტატუსი, ისეთივე ბრძოლით მოიპოვეს ევროპის საგზური ჩვენმა ბიჭებმა. ეს არ შეიძლება, შემთხვევითი იყოს. ეს არის დიდი სიმბოლური მნიშვნელობის ამბავი, რომელსაც სჭირდება სწორი შეფასება, დაფასება. არ შეიძლება, თითოეულ მათგანს ეს გმირობა არ დავუფასოთ, რადგან ისტორია დაიწერა, ახალი ისტორია დაიწერა. ამდენი ხანია, ქართველები ვტრაბახობთ თბილისის „დინამოს“ გამარჯვებით, 1981 წელს „კარლ ცაისის“ წინააღმდეგ. ეს ლეგენდარული მატჩი არის ერთი დიდი ისტორიული ფურცელი და მეორე დიდი ისტორიული, პოზიტიური ფურცელი დაწერეს უკვე ლეგენდად ქცეულმა ჩვენმა ფეხბურთელებმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.