რადიკალური ოპოზიციის გეგმის ჯაჭვი ასეთია, რომ უპირველესად, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას მოჰყვეს არეულობა, ქაოსი ამ ქვეყანაში, ამის შემდეგ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და შემდეგ, თუ მიუსწრებენ და ომი მანამდე არ დასრულდება, ჩაერთონ ომში და ეს ქვეყანა გაწირონ სხვისი ინტერესებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გეგმის განხორციელებას არ დაუშვებს ხელისუფლება, რომელიც ხალხის ინტერესების გასატარებლად არის არჩეული.

„ეს არის მათი გეგმა. ხალხის ინტერესების დასაცავად, მათი ინტერესების გასატარებლად არის არჩეული ხელისუფლება. ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში და დღეს ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ყველა ვალდებულია, რომ ხალხის ინტერესი გაატაროს, არ შევიდეს ომში, არ იყოს ქაოსი ამ ქვეყანაში და ეს ქვეყანა არ გახდეს ერთ-ერთი მოთამაშე პატარა პაიკი, რომელსაც ადვილად გაწირავენ დაფაზე ისე, რომ საერთოდ არავინ დააკვირდება, რა ხდება და ამ პაიკს რა ბედი ელოდება. ამას ჩვენ არ დავუშვებთ არცერთ ვარიანტში. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი მოცემულობა. ამ მოცემულობასა და გამოწვევებს ვუმკლავდებით და მომალშიც გავუმკლავდებით აუცილებლად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.