ვეთანხმები ყველა პარტნიორს და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადების შეფასებისას, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოს ძალისხმევა კარგად არის მიღებული. საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე“.
მდინარაძის თქმით, ყველა ობიექტური დამკვირვებელი აღიარებს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, თუმცა, ამის თქმას ვერც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბედავს და ვერც რადიკალური ოპოზიცია.
„პრეზიდენტს და ჩვენს ოპოზიციას ვერ წამოვაცდენინეთ, რომ დღევანდელი მოცემულობით საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, თორემ ყველა ობიექტური დამკვირვებელი ობიექტური შეფასებისას ამას აღიარებს, და ეს არის მარტივი ამბავი. დიახ, დავუთვლით პრეზიდენტს, რომელსაც ნეიტრალურობა, ზეპარტიულობა ევალება, მე-8 დღეა, ვერ წამოვაცდენინეთ, რომ დღევანდელი მოცემულობით საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ეს არის სიმართლე და ამ სიმართლის თქმაც კი ვერ გაბედა ვერც პრეზიდენტმა, ვერც რადიკალური ოპოზიციის ვერცერთმა წარმომადგენელმა.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე განმარტებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, არსებობს რეალური ოპტიმიზმის საფუძველი და უსამართლობა იქნება, თუ საქართველო კვლავ სტატუსის გარეშე დარჩება.
„ჩვენ, ყველა ქართველმა, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გავიგოთ განცხადება ისე, როგორც ამბობს ბატონი ვარჰეი და როგორც ამბობენ ობიექტური შეფასებები იმ პროცესებისა, რომელიც რეფორმების სახით ჩვენს სამშობლოში მიმდინარეობს, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ოპტიმიზმის და იმის ობიექტურად ფიქრის საფუძველი, რომ საქართველო იმსახურებს კიდევაც და მიიღებს კანდიდატის სტატუსს. პოზიტიური მოლოდინები ერთი-ორად არის გაზრდილი და ამას არც ვმალავთ, ყველა შეფასებაში ეს უკვე ჩანს და დიდი უსამართლობა იქნება, თუ ეს მოლოდინი არ გამართლდება. ჩვენ ვნახეთ ეს უსამართლობა შარშან, მაგრამ წელს, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ობიექტურობის და სამართლიანობის იმედი, ყველა მონაცემი ამაზე მიუთითებს და ვფიქრობ, აქ ოპტიმისტები უნდა ვიყოთ.“- განაცხადა მდინარაძემ.