არ არის გამორიცხული ისინი [ოპოზიცია] პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ ან ბევრი მათგანი პირველივე სხდომაზე შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, მათ იცოდნენ, რომ საპარლამენტო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით დაწერილ განცხადებებს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს იქამდე, სანამ პარლამენტი მათ უფლებამოსილებას არ ცნობს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატებზე თქვან უარი, რასაც მამუკა მდინარაძის განმარტებით არც ერთი მათგანი არ გააკეთებს.

„საბოლოოდ, ისინი ფიქრობენ პარლამენტში შემოსვლას გარანტირებულად. იმიტომ, რომ მათ შეუძლებელია არ სცოდნოდათ, როდესაც განცხადებები დაწერეს, რომ იმ დროისთვის დაწერილ განცხადებას, არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა. თუ არ იციან, ეს დაშვება პირობითია, რადგან მათ იციან, მაგრამ მაინც ამ პირობითი დაშვების ფარგლებში შემიძლია ვუთხრა, რომ თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს. მაგრამ ასეთის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს. სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე მათ განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა. თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში.

ისინი ატყუებენ თავის ამომრჩეველს, რომ თითქოს გამორიცხავენ პარლამენტში შემოსვლას. ვნახოთ, როგორ გატეხენ ან არ გატეხენ თავის სიტყვას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.