საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ოპოზიციონერობაზე მონოპოლია აქვს და ნიჭიერ ახალგაზრდებს პოლიტიკაში წინსვლის საშუალებას არ აძლევს.
როგორც მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, ყველა ოპოზიციონერი პარტიის ლიდერი სისხლის სამართლის დამნაშავეა, თუმცა, პოლიტიკიდან მათი წასვლისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
"უამრავი ახალგაზრდა და უნიჭიერესი ხალხია ამ ქვეყანაში და იმის გამო, რომ "ნაცმოძრაობას" თავისი სატელიტი პარტიებით მონოპოლია აქვს მთლიანად ოპოზიციონერობაზე, აგენტურას აქვს მონოპოლია და ისინი ახალ ძალებს გასაქანს არ აძლევენ. აი, ამის აღმოსაფხვრელად ესენი უნდა მოშორდნენ პოლიტიკას, სხვა გზა უბრალოდ აღარ არის.
რამდენი წელი ვუყურეთ - ფაქტობრივად, ფინანსები მათ ხელშია, გარედან პატრონები მხარს უჭერენ, გარედან მაშველი რგოლი ყოველთვის მათკენაა ხოლმე გადმოგდებული და ვერასდროს ვერ დამთავრდება, თუ თავისი სახელი არ დაერქვა ყველას. ყველა ამ პარტიის ლიდერს დამნაშავეები უდგანან სათავეში. აქეთ სააკაშვილი - რომელიც საქართველოს მოქალაქეც არ არის, სისხლის სამართლის დამნაშავე;
მეორე - ხაზარაძე, სისხლის სამართლის დამნაშავე თაღლითი, მათი რეკეტიორი; მესამე - დამნაშავეები მელია და გვარამია - ეს ტელევიზია, სადაც ახლა ვუზივართ, რომ გაძარცვა და მერე ამბობდა - სამსახურებრივ მანქანაზეა საუბარიო, - ყველა სისხლის სამართლის დამნაშავეა, მაგრამ, როგორც ჩანს, არ არის ეს საკმარისი, რადგან აგერ, იღებენ მონაწილეობას, რაღაც 4-5% აქვთ რეიტინგი და 10%-ზე მეტი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", ჯერ კიდევ. ეს არ გახდა საკმარისი, ე.ი. ასევე საჭირო და აუცილებელია, დაერქვას რეჟიმსაც თავისი სახელი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.