საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის მნიშვნელობაზე გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა.
როგორც უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, დღეს საქართველო რეალურად დგას ომის საშიშროების წინაშე, შესაბამისად, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი მმართველი გუნდის საარჩევნო სიის პირველი ნომერია.
"ასეთი მნიშვნელობის არჩევნები 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა. 2012-ში მოქალაქეობა არ ჰქონდა, არ მისცეს, ყველანაირი უფლება ჩამოართვეს მაშინ. შემდეგ იყო 2016, შემდეგ იყო 2020. 2020-ში პოლიტიკიდან გასვლას აპირებდა, ანუ ყველა ჯერზე ობიექტური იყო რის გამოც ვერ, ან არ უნდა ყოფილიყო. მან და გუნდმა ეს გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ მნიშვნელობა ყველასთვის კარგად დაგვენახვებინა.
მაშინ, შეიძლება, ომის მყისიერი საფრთხე არ იყო. ეს შეიძლება მომხდარიყო 2014-ში, ყირიმის პარალელურად, ან ა.შ. მაგრამ ახლა პიარულადაც არ შეფუთავენ ისე დაიწყებენ.
მყისიერი საფრთხეა საომარი მოქმედებების. გაგახსენეთ, უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებებს, ოღონდ ჩვენთან მიმართებაში კი არა, უკრაინასთან მიმართებაში. წინა დღეებში ლაპარაკობდნენ არანაირი ომი, არანაირი საფრთხე არ არსებობსო და შემდეგ თქვეს, რომ ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, ეს გარდაუვალი იყო, მაგრამ პანიკის დათესვას მოვერიდეთო და ამიტომ დავუმალეთ ჩვენს საზოგადოებასო.
ომის შემდეგ რა ხდებოდა? - ჩვენ გვამუნათებდნენ, საიდან მოიტანეთ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაო და საიდან მოიტანეთ სანქციებიო. უკრაინამ გაიწვია ელჩი ამ ორი მოტივით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კულისებში რაც ხდება, რასაც ბოლომდე დღესაც არ ვიძახით და ღმერთმა არ ქნას ამის ლაპარაკი მოგვიწიოს, უშიშროების საბჭოს მდივანი ამბობდა, რომ საქართველო უნდა ჩაებას ომში. პირდაპირ მოგვიწოდებდა, ქალების და ბავშვების დახოცვაზე მიუთითებდა, შემოგვეხიდონ ამაშიო. ესეც ხომ არ მოგვჩვენებია. დიახ, ომი მინდა - ქართულ ტელესივრცეში, შესაძლებლობის ფანჯარაა ახლა გახსნილი აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებითო - ამბობდა გიგაური", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.