ჩვენ უმოკლეს ვადაში დავადგინეთ, რომ „კამიტის“ გამოყენებაზე მსჯელობა წარმოუდგენელი იყო, ეს დავასკვენით მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ამიტომ თამამად განვაცხადეთ, რომ ბრალდებას გავასაჩივრებდით ყველა საერთაშორისო დონეზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, დარწმუნებულია, რომ „კამიტის“ გამოყენების საქმეზე საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას მიაღწევს.

„საპროტესტო აქციებზე ნივთიერება „კამიტის“ გამოყენების შესახებ აბსურდულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, როდესაც პირადად მე და სუს-ის გამომძიებლები გაერკვნენ დეტალებში. იმდენად მაღალი იყო აბსურდულობის ხარისხი, რომ მე გამიჭირდება სერიოზულად მსჯელობა ამ საქმეზე, ანუ „კამიტზე“. თავადაც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლებოდა სერიოზულად საუბარი. ახლა ვფიქრობ, გავიხსენებ თუ არა ნივთიერებას, რომელზეც ისინი ამბობდნენ კამიტის შემდგომ. არა „კამიტი“, მაგრამ „ტრექლორეთილენი“ იყო ის ნივთიერება, რომელიც, მათი თქმით, იყო აკრძალული ცალკეულ ქვეყნებში და ეს იქნა გამოყენებული.

წავაწყდით ასეთ პარადოქსულ ამბავს, რომ არცერთს, მათ შორის არც ჟურნალისტს, არც „ენჯეოს“ წარმომადგენელს, არც სხვას, ვინც ამაზე აპელირებდა, არც „ბიბისის“ არ ჰქონდა „დაგუგლული“ და მოძებნილი ამის შესახებ. ბოლოს აღმოჩნდა, რომ „ტრექლორეთილენი“ უბრალოდ წყალშიც კი არ ერევა. ელემენტარული ქიმია თუ ვინმემ იცის, აღმოჩნდა, რომ მისი სიმკვრივე უფრო მეტია და წყალში გახსნის შემდეგ ჩადის ქვემოთ, არ ერევა. ამის ფონზე ამბობდნენ ასეთ ფრაზებს და წინადადებებს, რომ „ტრექლორეთილენი“ თითქოს იყო გამოყენებული მომიტინგეების წინააღმდეგ, როცა თავად ეს გამხსნელი წყალში არ იხსნება. აი, ასეთი პარადოქსული ნიუანსები აღმოჩნდა იქ გამოძიების დროს და ჩვენ უმოკლეს ვადაში დავადგინეთ, რომ ამაზე სერიოზული მსჯელობა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ეს დავასკვენით მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ამიტომ იყო ჩვენი თამამი განცხადება, ქართული სახელმწიფოს თამამი განცხადება იმის შესახებ, რომ ამ ბრალდებას გავასაჩივრებდით ყველა საერთაშორისო დონეზე. დარწმუნებული ვართ, დეტალებისა და მტკიცებულებების სიზუსტით, რომ ჩვენ საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე მივაღწევთ უდავო წარმატებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.