გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ ამ სახით კანონს საქართველოში არ მიიღებთო, ისევე როგორც თქვა ევროკავშირზეც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ მსგავსი კანონი არ არსებობს, მსგავსი არც ჩვენთან არ არსებობს. არსებობს ასეთი კანონი ჩვენთან? ხომ არ არსებობს, ასევე არ არსებობს ევროკავშირში. იქაც დაინიციირებულია, ჩვენთანაც დაინიცირებულია, ჯერ არ არსებობს ასეთი კანონი. ეს თქვა გერმანიის კანცლერმაც. მან, სხვათა შორის, იმედი გამოთქვა, რომ არ მიიღებთო თქვენ ამ სახით საქართველოშიო, ისევე როგორც თქვა ევროკავშირზეც.

გერმანიის კანცლერს თავისი აზრი აქვს და ის კაცი დაუპირისპირდა ევროკავშირის ინიციატივას და დირექტივას იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს და მსგავსი სფერო. ამ სფეროს რეგულირების ევროპისეულ ვერსიასაც შეეწინააღმდეგა, იმედი მაქვს, აქაც არ მიიღებენო, მსგავსი სიტყვები თქვა. ანუ, მას აქვს თავისი პოზიცია, არ მოსწონს, როგორც ჩანს, არც ევროდირექტივა, არც ქართული, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას

საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის

ოფიციალი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი არის ღიად ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე, ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარმომადგენელი, ამის მიუხედავად ის თარგმნიდა ამ პრესკონფერენციას და ბოროტად გამოიყენა, როგორც იყენებენ ხოლმე „ნაციონალები“, ეს პრივილეგია კანცლერის მიერ ნათქვამი წინადადების გაყალბებისთვის. მან გააყალბა კონკრეტული წინადადება და იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს სიტყვები - „აგენტების კანონი“, მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა, ანუ პირდაპირი გაყალბება იყო".

პრემიერის გაკეთებული განცხადების შემდეგ, თარჯიმანმა ზაალ ანდრონიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენციის მსვლელობისას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შოლცის განცხადების თარგმნისას სრულიად შეგნებულად ახსენა "აგენტების" კანონი.

ცნობისთვის, 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.

 საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“