ბუდაპეშტის ფორუმი კარგი შესაძლებლობა იყო საქართველოს გამოწვევებზე სასაუბროდ, იმ პრიორიტეტებზე, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას და რაც დღეს აქტუალურია ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის უნგრეთისთვის, როდესაც ვსაუბრობთ სუვერენიტეტის დაცვასა და სუვერენული უფლებების განხორციელებაზე. ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვხედავთ, თუ რა თავდასხმებს განიცდის საქართველო მაშინ, როდესაც ატარებს სუვერენულ პოლიტიკას, იმისათვის რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოვახდინოთ“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან საუბრისას.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ვიზიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე და ხაზი გაუსვა საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე. საქართველოსა და უნგრეთს შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც მთავრობებს, ასევე პარლამენტებს შორის. ეს ურთიერთობები ეფუძნება საერთო ფასეულობებსა და საერთო ინტერესებს. დღეს ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოწვევები და მსგავსი მიზნები, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს იმ ურთიერთობას რომელიც არის ორ ქვეყანას შორის.

უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. ეს არის ქვეყანა, რომელიც ხმამაღლა ეწინააღმდეგება იმ უსამართლო პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება რიგი ევროპელი აქტორების მხრიდან საქართველოს მიმართ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის იყოს რეგულარული პოლიტიკური დიალოგი და რეგულარული მოსაზრებების გაცვლა როგორც საქართველოს, ისე უნგრეთთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.