საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდასთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მაკა ბოჭორიშვილი მსხვერპლთა ოჯახებს და თურქეთის მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.

„ვესაუბრე მინისტრ ჰაკან ფიდანს საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკულ ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. გულითად სამძიმარს ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და თურქეთის მოსახლეობას. ჩვენი მთავრობები მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან ამ რთულ დროს“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

ამასთან, როგორც „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.

ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

მათივე ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.